ვილნიუსში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

ცივი ომის შემდეგ, NATO ყველაზე სახიფათო და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას. NATO-ს ლიდერები 11-12 ივლისს, ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად შეიკრიბებიან, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით. ვილნიუსში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის 3000 ჯარისკაცი გამოყო.


NATO-ს თექვსმეტმა მოკავშირემ სულ დაახლოებით 1000 ჯარისკაცი გაგზავნა 11-12 ივლისის სამიტის დასაცავად, რომელიც რუსეთიდან მხოლოდ 151 კილომეტრში ჩატარდება.

ლიეტუვის საჰაერო სივრცის დასაცავად, გერმანიამ Patriot-ის სარაკეტო სისტემები (12 მანქანა) განათავსა. (Patriot-ი - მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემაa, რომელიც შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად).

ესპანეთმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საფრანგეთმა კი, Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები გაგზავნა.


ლიეტუვაში განთავსდებიან NATO-ს სამხედრო თვითმფრინავები. ქვეყანა ასევე განათავსებს დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობას. ზოგიერთი ქვეყანა სპეციალური ოპერაციების ძალებს გაგზავნის.


ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს. 

ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ.

უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს.


პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს.


გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა.

პისტორიუსი გასულ კვირებში, ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიეტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა.


2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.

ასევე გაეცანით: