დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება

დღეს, 11 ივლისს NATO-ს სამიტი იხსნება. NATO-ს ცნობით, სამიტის ოფიციალური გახსნა მოსალოდნელია 11 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ხოლო მისი დასრულება  - 12 ივლისს - ნაშუადღევს. ვილნიუსის შეხვედრას წინ უძღვის ალიანსის გენმდივნის მიერ გამოცხადებული შეთანხმება, რომ თურქეთის მიღებას შვედეთი საბოლოოდ დაეთანხმა. კიდევ ერთი ანონსი კიევს ეკუთვნის, თუმცა ეს ჯერ იენს სტოლტენბერგისგან არ დადასტურებულა.

კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. მოგვიანებით, NATO-ს გენმდივანმა დააზუსტა, რომ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, MAP-ის საკითხზე კი, კონსულტაციები ისევ გრძელდება.

NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 ივლისს, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი.


რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს.

ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ:


„NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.


ვილნიუსის სამიტი და საქართველო

სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც.

ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დღეს.


ვილნიუსის სამიტის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-ს 7 ივლისს განუცხადეს, რომ აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. 7 ივლისს სამიტისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მოიწვია იენს სტოლტენბერგმა.

„სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.


იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.