გერმანიის ელჩი: ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერ ერთიანობას აჩვენებს მათ შორის საქართველოს გამძლეობის მხარდასაჭერად

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი Europetime-თან აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერი ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს მათ შორის საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

ელჩი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებული სტრუქტურა ჩამოყალიბდება და გაღრმავდება თანამშრომლობა ისეთ „მეგობარ ქვეყნებთან“, როგორიცაა, საქართველო, რათა მათ თავიანთი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვა შეძლონ.

„ვილნიუსის სამიტი ალიანსის ტერიტორიის დაცვისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდაჭერის მიმართულებით NATO-ს ძლიერი ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს. ჩვენ მივესალმებით ახალ წევრებს - ფინეთს და უკვე ძალიან მალე - შვედეთს. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებულ სტრუქტურას და გავაღრმავებთ თანამშრომლობას ისეთ მეგობარ ქვეყნებთან, როგორიცაა, საქართველო, რათა მათ შეძლონ, დაიცვან თავიანთი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

ასევე გაეცანი: 


 ვილნიუსის სამიტი და საქართველო

სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც.

ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დღეს.


ვილნიუსის სამიტის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-ს 7 ივლისს განუცხადეს, რომ აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. 7 ივლისს სამიტისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მოიწვია იენს სტოლტენბერგმა.

„სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.


იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება.