ფინეთმა შესაძლოა, დემილიტარიზებულ ალანდის არქიპელაგზე რუსეთის საკონსულო დახუროს

ფინეთის პრეზიდენტი მოსკოვის მიერ ფინეთის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ, დემილიტარიზებულ ალანდის არქიპელაგზე რუსეთის საკონსულოს დახურვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ Bloombberg-ი წერს.

როდესაც ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ალანდის საკონსულოს დახურვა, საული ნიინისტომ დიპლომატიური მისია აღწერა, როგორც - „ერთი კონსული და მისი მეუღლე.“

„ვნახავთ“, - განუცხადა ნიინისტომ Bloomberg TV-ს.

„ტურკუში მათ უფრო დიდი საკონსულო აქვთ და ეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი იქნება.“ „მაგრამ ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ტურკუს საკითხი აშკარად განიხილება,“ - განმარტა ფინეთის პრეზიდენტმა.

მან NATO-ში შვედეთის გაწევრიანების სარგებელზეც ისაუბრა. „ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ბალტიის ზღვა მშვიდობიანი იქნება.“ ეს არის მშვიდობის გარანტია ბალტიის ზღვის ქვეყნებისთვის. ეს არის იდეა“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

ექსპერტების შეფასებით, ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის უდიდესი ნაწილი ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის.


შეგახსენებთ, გასულ კვირას ფინეთის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მოსკოვის განცხადებით, „ელჩმა რუსული მხარის მწვავე პროტესტი მიიღო „ჰელსინკის ანტირუსული პოლიტიკის“ გამო.

მას ასევე შეატყობინეს, რომ ცხრა დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს, სანქტ-პეტერბურგში კი, საკონსულოს დახურვა გადაწყვიტეს.


პრეზიდენტი საული ნიინისტო მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ დიპლომატების გაძევება და სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს შესახებ შეთანხმების გაუქმება არის "მკაცრი და ასიმეტრიული პასუხი" ფინეთის გადაწყვეტილებაზე.

ნიინისტო ამბობდა, რომ ფინეთი „ამზადებდა მსგავს ღონისძიებას“ და ფინეთის ქალაქ ტურკუში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვაზე მიანიშნა.


ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ბაზები შესაძლოა, ბალტიის ზღვის კუნძულებზე პირველად განთავსდეს - მედია

შეგახსენებთ, მედიაში აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყებოდა ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება. 

ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური.