საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ღიაა.“ ელჩის თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს.
„ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ფართოდ ღიაა. რაც არ შეცვლილა, არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია.
საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს, როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები NATO-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, - აღნიშნა ელჩმა.
ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყველა მოკავშირე განსაკუთრებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში.
„ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია. მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი,“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კარგად წარმოადგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, სამიტის ცენტრალური ნაწილი იყო და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვის, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ.
ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია, გახდეს NATO-ს წევრი და NATO მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას.
ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით.
„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
-
ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს
-
ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად
ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.