ISW „ვაგნერის“ მიმართ პუტინის გეგმებზე

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით (ISW), რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“, როგორც საბრძოლო ძალის შენარჩუნება სურს, ოღონდ ევგენი პრიგოჟინის გარეშე.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების თანახმად, ეს რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკით მტკიცდება, რადგან პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ 29 ივნისს „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს და 35 მეთაურს შეხვდა და შესთავაზა მათ სამსახურის გაგრძელება სხვა მეთაურის ხელმძღვანელობით.

პუტინმა 14 ივლისს განაცხადა,ომ კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ, მაგრამ ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობს.

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა.