ღარიბაშვილი: ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი, რომელიც დარჩა კიევში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშილი უკრაინის უმაღლესი რადას მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ რჩება ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას ქართული შიდა პოლიტიკური საკითხებისთვის დრო.

ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონცპირაციულ თეორიას რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ.

რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი, მაშინ როცა მე რაც ჩამოგითვალეთ, 20 მილიონი უკრაინელის მიერ საკუთარი სახოვრებელი სახლების დატოვება, ტრილიონი დოლარის ზიანი და 20 პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიები.

ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპააციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად. ჩვენ არ გვჭირდება არავის, არც რჩევა და არც მითუმეტეს მათი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს არის ყოვლად მიუღებელი", - განაცხადა პრემიერიმა.

რაც შეეხება ელჩისადმი ზელენსკის შეთავაზებას, რომ მას სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის დაეტოვებინა კიევი, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, „ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომდე“.

მინდა აღვნიშნო სინანულით ის ფაქტი, რომ სამწუხაროა, ჩვენი ელჩი მეგობრებო, იცით კარგად რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის დასავლთის ქვეყნებმა დატოვეს უკრაინა, კიევი დატოვეს. და ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომდე, ვაჟკაცურად იცავდა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი, ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა. მაშინ, როცა ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომლებიც პირდაპირ ჩართული იყვნენ ამ პროცესში და რომლებსაც პირდაპირ რუსეთის მხარე ეკავათ, ელჩები დღემდე ჰყავს უკრაინას, არ გამოუწვევიათ მათ ელჩები",- განაცხადა პრემიერმა.


 უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა.

„დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში.


3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.

მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.

5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“