15 ივლისს კიევში მისი პირველი ვიზიტის დროს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ სეული უკრაინის დახმარებას $150 მილიონამდე გაზრდის.
„შარშან, კორეის რესპუბლიკის მთავრობამ 100 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად.
წელს ეს მხარდაჭერა 150 მილიონი დოლარი იქნება", - განაცხადა იუნ სუკ იოლმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„გასულ წელს ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო საბრძოლო მასალა. ვიმედოვნებთ, რომ წელს ჩვენი დახმარების დონე გაიზრდება", - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკისთან განიხილა უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და რომ სამხრეთ კორეა გეგმავს თანხების გამოყოფას უკრაინის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის, ასევე, სამეწარმეო საქმიანობისა და განათლების სისტემის მხარდასაჭერად.
თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობა, მშვიდობის ფორმულა და სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოება.
პრეზიდენტის თქმით, ორმა ლიდერმა ასევე ისაუბრა უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი მოზრდილებისა და ბავშვების დაბრუნებაზე, ასევე, მშვიდობის გლობალურ სამიტზე.
„ვიზიტის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ისტორიაში პირველია, ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და მისი მეუღლე კიევში დღეს ჩავიდნენ. ზელენსკისთან მოლაპარაკების დაწყებამდე მათ პატივი მიაგეს რუსეთის მიერ წარმოებული ომის მსხვერპლების ხსოვნას კიევის ოლქში, ბუჩასა და ირპინში.
„მაგრამ ბუჩა და ირპინი მხოლოდ ორია იმ ათასობით უკრაინული ქალაქიდან, რომლებიც რუსულმა ტერორმა დააზარალა. რუსეთის მიერ მოტანილი ტანჯვისა და ნგრევის მასშტაბები კოლოსალურია", - განაცხადა ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ამიტომ, გლობალური თანამშრომლობის მასშტაბები უნდა იყოს კოლოსალური, რათა აღდგეს უსაფრთხოება და გარანტირებული იყოს სტაბილური მშვიდობა“, - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი კიევში მას შემდეგ იმართება, რაც ორივე ლიდერმა ვილნიუსში, NATO-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამხრეთ კორეამ უკრაინას ჯერჯერობით მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუგზავნა, რაც მისი მთავრობის პოლიტიკას შეესაბამება - სეული კრძალავს იარაღის ექსპორტს ომში მყოფ ქვეყანაში.
თუმცა, აპრილში პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, პირველად განეხილა უკრაინაში ლეტალური დახმარების გაგზავნა: მაშინ მან Reuters-ს განუცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინის დაცვის გზებს განიხილავს ისევე, როგორც მისმა ქვეყანამ მიიღო დახმარება 1950-53 წლებში კორეის ომში.