12 ოქტომბერს, თბილისის 187 ბაღიდან, სასწავლო პროცესი 183 ბაღში განახლდა, 4 ბაღი, კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, ისევ გადაიდო. მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაღში ბავშვის მიყვანა, ამ პირობებში, რეკომენდირებული არ არის, ზოგი კი პირიქით მიიჩნევს. მშობელთა ნაწილი ამბობს, რომ მათი შვილები ახალ რეგულაციებს ვერ შეეგუებიან და ბაღში არმიყვანის მიზეზად, სწორედ ამას ასახელებენ. როგორ შევაგუოთ ბავშვი ახალ გარემოს, სწორია თუ არა მათი სახლში დატოვება და რამდენად სტრესულია ბავშვებისთვის ახალი რეგულაციები, „ევროპათაიმი“ ფსიქოლოგ მანანა პაჭკორიას ესაუბრა.
- როგორც ფსიქოლოგი, როგორ აფასებთ ბაღის ახალ რეგულაციებს და რამდენად შესაძლებელია ბავშვებში ამ ახალმა წესებმა ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვიოს?
- თუ ბავშვი პირველად მიდის ბაღში, მისთვის ბაღი „რეგულაციების“ გარეშეც სტრესულია, რადგან ახალ გარემოსთან, ახალ შთაბეჭდილებებთან უწევს ადაპტაცია. ზოგადად ყოველი ცვლილება გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული და სტრესიც ორგანიზმის ჯანსაღი რეაქციაა. მთავარია სტრესთან გამკლავება, რაც მშობლებისა და აღმზრდელ-პედაგოგების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. მათ უნდა შეუქმნან ბავშვებს უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა, დაეხმარონ მათ დაძაბულობის მოხსნასა და განტვირთვაში.
რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით არის შემუშავებული და პანდემიურ სიტუაციაში მისი დაცვა აუცილებელია ყველასთვის, მათ შორის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის. ამიტომ ბაღის პერსონალმა რომ შეძლოს რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, საჭიროა მათი გადამზადება.
- რას ურჩევთ მშობლებს, როგორ მოამზადონ ბავშვები, რათა შედარებით მარტივად მიიღონ ახალი რეალობა?
- როგორც ვხედავთ მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა და პანდემიამ სრულიად შეცვალა ცხოვრების ჩვეული რიტმი, რაც თავისთავად უარყოფითად აისახა ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ სწორი ინფორმირებულობა არის ერთადერთი გზა ბავშვებში შფოთვის და გაურკვევლობის შესამცირებლად, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაშინების გზით.
მე მესმის ბევრი მშობელი ემოციურად ლაბილურ მდგომარეობაშია და დღემდე ცდილობს პანდემიით გამოწვეულ სტრესთან შეგუებას. ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია. მაგრამ ისიც ვიცით, რომ მშობლის ემოციური ფონი ბავშვებზე აუცილებლად აისახება,
ამიტომ თუ გვინდა, რომ ბავშვები დავიცვათ ნეგატიური ზემოქმედებისგან, ზოგადად როცა დავიწყებთ მსჯელობას ახალი კორონავირუსით გამოწვეულ რეგულაციებზე - ეს იქნება პირადად ბავშვთან, რომელიმე ოჯახის წევრთან თუ სამეგობრო წრეში - ჩვენ თვითონ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გაწონასწორებულობა, რადგან ბავშვები ჩვენს ქცევით მოდელებს იმეორებენ.
ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული ვირუსით გამოწვეული საფრთხეების შესახებ და იცოდეს მისი პრევენციის გზები, რამდენად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, რეჟიმის დაცვა და ა. შ.
შესაბამისი ილუსტრირებული ლიტერატურაც არის თარგმნილი, სპეციალურად ბავშვებიბსთვის ადაპტირებული, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უწევს რეკომენდაციას. როცა ბავშვებს ამ მასალას გავაცნობთ, ავუხსნით მათთვის გასაგებ ენაზე და შევამზადებთ, ისინი უფრო ადვილად მიიღებენ პანდემიით გამოწვეულ რეალობას.
- შეიცავს თუ არა ფსიქოლოგიური სტრესის ნიშნებს იზოლაციის ოთახი?
- როგორც გაწერილია ბაგა-ბაღებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში, თუ ბავშვს გამოუვლინდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ 37 ℃ ან 37 ℃ - ზე მეტი ტემპერატურა, გადაყვანილ უნდა იქნა საიზოლაციო ოთახში, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ბავშვის მეთვალყურის გარეშე დატოვება დაუშვებელია. თუ ბავშვს გვერდით ეყოლება თავისი აღმზრდელი, ის მარტო არ იგრძნობს თავს, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, იზოლაციის ოთახი რაიმე სტრესის შემცველია. ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვისთვის სიყვარულის და მხარდაჭერის გამოხატულებაა მთავარი, რომ მას ჰქონდეს დაცულობის განცდა.
- ბევრი მშობელი არ აპირებს შვილის ბაღში მიყვანას, რამდენად სწორია გადაწყვეტილება და როგროც პროფესიონალი, რას ურჩევთ მათ?
- პანდემიური ფონის გამო, მშობელმა თუ გადაწყვიტა ბავშვი ბაღში არ გაუშვას, ვერ ვიტყვით რომ არასწორად მოიქცევა. მითუმეტეს თუ სახლში ჰყავს დამტოვებელი და შეუძლია ბავშვს შეუქმნას შესაბმისი ასაკობრივი გარემო. მაგრამ ექიმების და დარგის სპეციალისტების მოსაზრებას რომ დავეყრდნოთ, ვირუსთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და თუ ეს გარდაუვალია, მაშინ რეკომენდაციების დაცვით მოგვიწევს ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება.
ამ შემთხვევაში ბავშვის ბაღში წაყვანაც ჩვეული რეჟიმის ნაწილი იქნება, მართალია გარკვეული შეზღუდვების დაცვით, მაგრამ ბავშვებისთვის უფრო რეალური და მეტად სოციალური გარემოს შექმნით.
- ხომ არ გაქვთ რჩევა მშობლებისთვის, თუ როგორ შეუვსონ თანატოებთან კონტაქტის დანაკლისი, რასაც ბაღის არარსებობა აჩენს?
- ბავშვებს რომ შეუვსონ თანატოლებთან კონტაქტის დანაკლისი, მშობლები და ოჯახის წევრები ხშირდა უნდა ეთამაშებოდნენ მათ. ძალიან კარგია, როცა ბავშვები ასაკის შესაბამისი დატვირთვით, ჩართულები არიან საშინაო საქმეებში: შეგიძლიათ მათთან ერთად დაგეგმოთ დღე, დაალაგოთ სახლი, მოამზადოთ სადილი, ამეცადინოთ ჰიგიენის წესების დაცვაში, შეეჯიბროთ ხელების დაბანაში. ყოველდღე ახალი აქტივობის მოფიქრება უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის მათ დღეებს.
- რამდენიმე სიტყვით, როგორ გავუმკლავდეთ მორიგ კარანტინს, თუ ამის აუცილებლობა ისევ დადგება დღის წესრიგში?
- იმდენად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ, უფრო და უფრო მეტად გვჭირდება სწრაფი ადაპტაციის უნარი, რომ შევძლოთ კრიზისის შესაძლებლობად ქცევა, საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. ამიტომ მე ვურჩევდი ყველას, გაეცნონ ფსიქოემოციურ განათლებას. ემოციების რეგულაცია შეგაძლებინებთ შეიმეცნოთ საკუთარი თავი, გაუგოთ და გამოხატოთ ემპათია სხვების მიმართ. ემოციური სტაბილურობა არის მყარი იმუნიტეტის საფუძველი, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. მოტივაციას და ენერგიას ფიზიკური დატვირთისგან და ვარჯიშისგან მიიღებთ, რაც დაგეხმარებათ პოზიტიური აზროვნების შენარჩუნებაში, ახალი საქმის შესწავლა კი გიხსნით რუტინისგან. გისურვებთ ემოციურ სიჯანსაღეს!
გაეცანით ახალ რეგულაციებს:
აკრძალვები:
ბაღში არ დაიშვებიან უცხო პირები, მათ შორის მშობლები; არ დაიშვებიან სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვები / პედაგოგები / ადმინისტრაცია; აკრძალულია სახლიდან სათამაშოების მოტანა; აკრძალულია ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება; აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;აკრძალულია მისალმებისას ხელის ჩამორთმევა და სხვებთან შეხება.
ვალდებულებები:
ბაღის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს ბავშვების / პერსონალის ტემპერატურის კონტროლი; რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისას ბავშვი მაქსიმალურად სწრაფად უნდა წაიყვანოს მშობელმა; მშობლის დროულად არ მოსვლის შემთხვევაში ბაღი უკავშირდება 112; ბავშვების გარდა, ყველა სხვა პირი ბაღში დაიშვება მხოლოდ ნიღბით; ბაღებმა უნდა უზრუნველყონ გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა; ბაღმა უნდა იცოდეს, ბავშვს აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე, ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;სამზარეულოში ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65 C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით, მანამდე ორჯერ გაირეცხოს არანაკლებ 40 C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
პერსონალი:
პერსონალი ვალდებულია სამუშაო პროცესი განახორციელოს დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად; პერსონალი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა; დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ. არიან ეზოში) უნდა მოხდეს სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება; დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი; სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი; სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით; მუშაობის პერიოდში პერსონალმა უნდა უზრუნველყოს თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“