ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა, რომ ირანი და რუსეთი ელექტროენერგიას სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გაცვლიან, იუწყება სომხური მედია ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით.
„რუსეთთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ორი მარშრუტი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთი-საქართველო და ვართ საბოლოო მოლაპარაკებებისა და განხორციელების პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.
ირანის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანს სურს ელექტროენერგიის გაცვლა ზოგიერთ მეზობელთან გადახდის გარეშე.
„მალე ჩვენ დავიწყებთ ელექტროენერგიის გაცვლას რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით. ასევე დღის წესრიგშია რუსეთის ელექტრო ქსელთან დაკავშირება სომხეთისა და საქართველოს გავლით“, - განაცხადა მეჰრაბიანმა.
მანამდე სომხეთის ტერიტორიული მართვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, გნელ სანოსიანმა და ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ალი აქბარ მეჰრაბიანმა თეირანში მესამე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულებაზე ისაუბრეს. პროექტი გაზრდის ბარტერის მოცულობას, რომლის მეშვეობითაც ერევანი იღებს ირანულ გაზს და სანაცვლოდ, ელექტროენერგიას აწვდის.
ამასთან, დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია არ გავრცელებულა.
ინფორმაციისთვის, 2015 წლის დეკემბერში, სომხეთი, ირანი, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ელექტროსისტემის განვითარებაზე იმუშაონ, ოთხ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
მაშინ სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი, ერვანდ ზახარიანი, მისი იმჟამინდელი ქართველი კოლეგა, კახა კალაძე და ირანელი კოლეგა, ჰამიდ ჩიტჩიანი, ასევე რუსეთის ენერგეტიკული ქსელების ოპერატორი კომპანიის „როსსეტის“ ხელმძღვანელი, ოლეგ ბუდარგინი ერთმანეთს 23 დეკემბერს ერევანში შეხვდნენ.
მხარეებმა „ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის სინქრონული მუშაობის მიზნით ტექნიკური და საკანონდებლო ჩარჩოს შესწავლაში თანამშრომლობას მოიცავდა.
„როსეტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ოლეგ ბუდარგინი აცხადებდა, რომ „ენერგო დერეფანი, რუსეთი–საქართველო–სომხეთი–ირანი, სტრატეგიული მარშრუტი იქნებოდა მონაწილე ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გადაცემისთვის“ და ხელმოწერილი მემორანდუმის განხორციელება „კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ინტეგრაციული პროცესების განვითარებისთვის.“
„მე ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა“, – აღნიშნა საქართველოს იმჟამინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 2015 წლის 23 დეკემბერს.