ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა უკვე შეიმჩნევა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მარცვლეულის მონაწილეობა ინიციატივაში. აშშ მოუწოდებს, რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება.
„რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება.
იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე.
ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა.
„ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ.
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ასევე წაიკითხეთ: