სსფ-ს მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი დაასრულა. მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრები აცხადებენ, რომსაქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA)) პროგრესის გაგრძელებისთვის.
პრესრელიზში განმარტებულია, რომ მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად არ წარედგინება.
-
აქვე მითითებულია მისიის წევრთა შეფასება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შედარებით ზომიერი, თუმცა კვლავ მაღალია, ძლიერი ტურისტული და ფინანსური შემოდინებების ფონზე. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, იმპორტულ საქონელზე ფასების კლების და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დახმარებით.
-
მაღალი საგარეო გაურკვევლობის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ფისკალური და სავალუტო ბუფერების ზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზე
უნდა დარჩეს მიმართული, რაც ეკონომიკის მედეგობას და ინკლუზიური ზრდის პოტენციალს განამტკიცებს. -
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA))
პროგრესის გაგრძელებისთვის.
13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით. მისიის დასასრულს მან განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება.
„საგარეო შემოდინებების სიმტკიცე ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს უწყობს. 2023 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კლება განაგრძო. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი მცირედ პროფიციტული იყო მაღალი ფისკალური შემოსავლების გამო.
ივნისში წლიური ინფლაცია მკვეთრად შემცირდა და 0.6 პროცენტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. ინფლაციის შემცირება, ნაწილობრივ, სასაქონლო პროდუქტების ფასების კლებამ და ლარის გამყარებამ განაპირობა.
თუმცა საბაზო ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, მიგრანტების შემოდინების გამო საცხოვრებლის ქირის გაზრდილი ფასის და შრომის ბაზარზე სიმჭიდროვის ზრდამ გამოიწვია. ინფლაციის მის სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შენარჩუნების გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაისში 50 საბაზისო პუნქტით, 10.5 პროცენტამდე შეამცირა. ფინანსური სექტორი მდგრადია. ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მოსთხოვა რა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა,“ - აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.
მისივე თანახმად, სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ელიან, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით.
„საბაზო ეფექტის და ლარის გამყარების გავლენით 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას ველით წლიურ 0.3 პროცენტამდე. 2024-ში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება. გაურკვევლობა მაღალია უცხოური წყაროებიდან შემოდინებების მდგრადობასთან და გლობალურ კონიუქტურასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, საჭიროა გონივრული ფისკალური და რეზერვების მართვის პოლიტიკის გაგრძელება და ადგილობრივი ინფლაციის და ფინანსური სექტორის მიმართ შესაძლო რისკების თვალყურისდევნება.
2024 წელს და შემდგომ მიზანშეწონილია მცირე ფისკალური კორექტირება რაც ბუფერების ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს და შექმნის სივრცეს ხარჯვისთვის საჭირო პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე. სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების რეფორმის განხორციელება უნდა მოხდეს ფისკალური რისკების შეზღუდვის, ეფექტურობის და შეჯიბრებითობის დაცვით.
„უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ფრთხილი კორექტირებით, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების დაგროვება მთავარი დაცვაა საგარეო შოკების მიმართ. ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ პროაქტიული მიდგომის გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას და დაგვიცავს რისკებისგან, მათ შორის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისგან და უკრაინაში ომის გავლენით ვალუტის შემოდინებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მისივე თანახმად, სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდელი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელსაც სსფ უჭერს მხარს (SBA). სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვა განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში.
სსფ-ის მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
გასულ კვირას მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო.“ მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია.
2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე.
საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს უნდა მიეღო ივნისში. თუმცა ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა, რომ „სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო.“
მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს, Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება.“
სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები შეიტანა და ამ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოც დაძლია, რის შემდეგაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა გახდა.