შალვა პაპუაშვილი: საქართველომ 12-დან სამი რეკომენდაცია შეასრულა, ოქტომბრამდე საკმაო ვადაა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკომისიის სამი რეკომენდაცია შეასრულა და ოქტომბრამდე საკმაო ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

„12 რეკომენდაციიდან სამი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, ევროკომისიამ აქაც აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს. როგორც იცით, შუალედურ ანგარიშში, რომელიც პირველი ასეთი სახის ანგარიში იყო და პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საერთოდ გაგვეგო ამა თუ იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიას როგორი განმარტება ან მიდგომა აქვს, გამოჩნდა, რომ ჩვენ უკვე, ამ ეტაპზე, სამი რეკომენდაცია შეგვიძლია, გადავდოთ გვერდზე და ჩავთვალოთ შესრულებულად.


დანარჩენს რაც შეეხება, იცით, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი დარჩენილი არაფერია, არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებულ და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ანალიზისთვის.

მეორე - იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როგორც ეს ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ბრიუსელთან, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ.


აქ დიდი ხარვეზები ჩვენ ვერ მოვისმინეთ. საუბარი იცით, რომ იყო, მაგალითად, კონკურენციის სამართალზე და სახელმწიფო შესყიდვებზე. როდესაც ჩავეკითხეთ კონკრეტულად რა მოლოდინები აქვთ ჩვენგან, მაინცდამაინც, ფუნდამენტური საკითხები აქ არ არის.

ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, რას ფიქრობენ საკანონმდებლო კუთხით და მეორე მიმართულებაა უკვე პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რაც პარლამენტმა მიიღო და ამას თავისთავად დრო და დაკვირვება სჭირდება, რაზეც ევროკავშირიც საუბრობს.


რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შეფასება. უკვე მოხერხდა, რომ საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი.

ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს. აქ მთავარია, ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა და გარდა ამისა, ოქტომბრამდე საკმაოდ ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.

ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.