საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ საჭიროა დაჩქარება.
„12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ წარადგინა ე.წ. ზეპირი მოხსენება. ევროკომისიის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ გვჭირდება დაჩქარება.
დანარჩენ 7 რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჩვენ შემდგომ პროგრესს ველით. ამდენად, როგორც ხედავთ, სურათი სხვადასხვაგვარია, რაც ჩემი აზრით, უფრო პოზიტიურია.
ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გაავრცელებს გაფართოების ანგარიშს ოქტომბერში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროკავშირის 27 წევრი მიიღებს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების დონეზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით მომდევნო ნაბიჯებზე.
ამ გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია დეკემბერში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც კანდიდატის სტატუსს გულისხმობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ხელშია,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
- როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.