აზერბაიჯანმა თურქულ კომპანიასთან SU-25-ის მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმება გააფორმა

აზერბაიჯანი თურქეთთან სამხედრო კავშირებს აფართოებს. 26 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომა და თურქულმა კომპანია TUSAS-მ სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში თავდაცვის ინდუსტრიის მე-16 საერთაშორისო გამოფენის „IDEF-23“ ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სამხედრო-ტექნიკური მომარაგების მთავარი დეპარტამენტის უფროსმა, აგილ გურბანოვმა და TUSAŞ-ის გენერალურმა მენეჯერმა, თემელ კოტილმა.


როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, კონტრაქტზე ხელმოწერის მთავარი მიზანია თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბებისა“ და რაკეტების ინტეგრაცია აზერბაიჯანის საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფ თვითმფრინავებთან და ასევე, მათი ავიონიკის მოდერნიზაცია.

პროექტი, რომელსაც  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ილჰამ ალიევი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი განიხილავენ, ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიის შიდა და ეროვნული შესაძლებლობებისა და საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას.