რა წერია საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ

საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გახდა ცნობილი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგადად, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად. ამასთან, ზოგიერთი ბიზნესდავა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება.


„სხვა კომპანიები უჩივიან, რომ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაეფექტიანია, არასათანადოდ არის უზრუნველყოფილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, არ არსებობს ეფექტიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, არსებობს პოლიტიკური ჩარევის, კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი გამოყენების შესახებ ბრალდებები, მათ შორის კომერციული კანონების შემთხვევაშიც, ასევე არსებობს სირთულეები საკუთრების უფლების შესახებ დავების გადაჭრაში,“ - წერია ანგარიშში.

მისივე თანახმად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ამ პრობლემების გადასაჭრელად მუშაობას და დარჩენილი პრობლემების მიუხედავად, საქართველო მაინც იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს რეგიონში, სადაც კარგი გარემოა ბიზნესის წარმოებისთვის.


„აშშ-მ და საქართველომ 1994 წელს მოაწერეს ხელი ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებას და საქართველოს აქვს უფლება, აშშ-ში დაბეგვრის გარეშე განახორციელოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი, პრეფერენციების საყოველთაო სისტემის ჩარჩოს ფარგლებში.“

დოკუმენტის თანახმად, საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის, ძირითადი საინვესტიციო სფეროები მოიცავს ახალ ბაზრებზე გაფართოებას, ადგილობრივი მიწოდების ქსელების და ბიზნესის მხარდაჭერის სერვისების განვითარებას და ახალი კომერციული ობიექტების და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

„მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორების 70%-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, 55%-ს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.


ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქცევს მას კარიბჭედ ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ, უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვები ევროპასა და აზიას შორის.


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და სხვათა მიერ, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად მოქმედებენ.“ მისივე თანახმად, „საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს.“


ამავე დოკუმენტში მიმოხილულია, რომ ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველო ცდილობს, ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობით ქვეყნის გავლით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. საქართველო დიდი ხანია, მიზნად ისახავს შავ ზღვაზე თავისი სტრატეგიული მდებარეობის კაპიტალიზაციას საქონლისა და ენერგეტიკის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო და სავაჭრო დერეფნად გადაქცევით.

ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა განაპირობა ტვირთების ზრდა ბოლო დროს ამ „შუა დერეფნის“ გავლით, რადგან ჩრდილოეთის მარშრუტი რუსეთის გავლით ახლა უფრო სარისკოდ მიიჩნევა. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერის გახსნის გეგმები ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის (რომელიც მანამდე მთავრობამ გააუქმა 2020 წელს). კერძო სექტორი აგრძელებს ინვესტიციებს საპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ტვირთების მოსაზიდად.

2021 წელს ლოგისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში. 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა გამოაცხადა ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური პორტის შექმნის გეგმები, რომლებსაც ამჟამად ახორციელებს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.