ირაკლი ღარიბაშვილი სი ძინპინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგტუში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

მისივე თანახმად, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას.


„ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის.

ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ღარიბაშვილმა სი ძინპინს „სარტყელის და გზის გლობალური ინიციატივისთვის“ მადლობა გადაუხადა.


თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

„უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია.

არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა,“ - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.