სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რამდენიმე ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, სამუშაო ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ასეულ ათასობით ლარი აქვთ აღებული.
რამდენიმე მუნიციპალიტეტის შესახებ გამოქვეყებულ დასკვნაში წერია, რომ სამუშაო ხარჯები ხშირ შემთხვევაში საარჩევნო შეხვედრებზე გაწეულ ხარჯებს უკავშირდებოდა, თუმცა ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები, აუდიტმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიპოვა.
Europetime აუდიტის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ანგარიშიდან ამოკრეფილ მონაცემებს გთავაზობთ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 170.2 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე.
გარდაბანის მუნიციპალიტეტის საკრებულო
2018-2019 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 264.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა კი ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანაგრიშშია აღნიშნული.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, იგივე პერიოდში ვანის საკრებულოს არათანამდებობის წევრებს ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ სულ 159.2 ათასი ლარი.
„მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.თანხების გაცემის საფუძვლად მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათები საკრებულოს წევრებისათვის ხარჯის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის კრიტერიუმს. შესაბამისად, საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ანალოგიური სქემით, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ, 190 ათას ლარზე მეტი აქვთ აღებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საკრებულოს არათანამდებობის პირებს, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები), 2018-2019 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით სულ მიღებული აქვთ 107.0 ათასი ლარი, მათ შორის, 2018 წელს – 60.7 ათასი, ხოლო 2019 წელს – 46.3 ათასი ლარი.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ქედის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გასცა 100,800 ლარი.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ხულოს მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობისპირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, გასცა სულ 104,915 ლარი.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო
შუახევის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით გასცა სულ 124,725.
„ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამარჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.
შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოთ ჩამოთვლილ ვერცერთ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, გაწეული სამუშაო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროსაც.
„თუმცა მუნიციპალიტეტებმა არ გაითვალისწინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და კანონშეუსაბამობა კვლავ ფიქსირდება", - აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.