„ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ მიესალმება მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს. არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის ჩამოსვლას,“- ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციასთან დაკავშირებით.
„გემთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის რეაქცია და თქვენ ეს იხილეთ. ქართველი ხალხი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას. ყველამ ვიცით ქართველების სტუმართმოყვარეობა, თუმცა არ არის კასაკვირი, რომ ქართველებს ეს რეაქცია ჰქონდათ მათ მიმართ, ვინც ახდენს საქართველოს ოკუპაციას, ვინც აიძულებს, რომ ოჯახები დაშორდნენ და ვინც აკავებს ქართველ მოქალაქეებს. შესაბამისად, მათი რეაქცია გასაგებია,“ - განაცხადა ელჩმა.
მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.