სუვალკის დერეფნისკენ 100-ზე მეტი „ვაგნერელი“ გადაისროლეს - პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ბელორუსში მყოფი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 100-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი პოლონეთისა და ლიტვის საზღვარზე მდებარე ე.წ. სუვალკის დერეფნის ტერიტორიაზე გადაისროლეს.

მატეუშ მორავიეცკის თქმით, მონაცემებით, დაქირავებულები ბელორუსის ქალაქ გროდნოს მიდამოებში განლაგდნენ.

ვარშავა ფაქტს „პოლონეთის ტერიტორიაზე ახალი ჰიბრიდული თავდასხმისკენ ნაბიჯად" აფასებს.

პოლონეთის პრემიერი შიშობს, რომ კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულებს შეუძლიათ, დაეხმარონ მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში, ან როგორც მიგრანტებმა თავად სცადონ საზღვრის გადაკვეთა.

მორავეცკი ასევე არ გამორიცხავს, რომ დაქირავებულებმა ბელორუსის მესაზღვრეთა ფორმები გადაიცვან.


ასი კილომეტრის სიგრძის დერეფანი ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებული ტერიტორიაა, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას ერთმანეთთან აკავშირებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს.

ცნობისთვის, პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი 23 ივლისს ამოქმედდა. ვარშავამ რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა.

პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთთან ომში.

ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, პოლონეთი NATO-ს სხვა აღმოსავლელ ფლანგელებთან ერთად, აქტიურად ითხოვდა ევროპის ამ ნაწილის გაძლიერებას. ვარშავა ბელორუსთან საზღვარს ამაგრებს. ცნობილია, რომ NATO-მ მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40,000-დან 300 000-მდე გაზარდა.