უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს

უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის მიწოდებას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს. ელჩის განმარტებით, მარცვლეულის შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს რუსეთის გარეშე, მაგრამ არსებობს უსაფრთხოების გამოწვევები.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ საკითხს ამჟამინდელი ინიციატივის მხარეები, ვინაიდან არც თურქეთი და არც გაერო გასულან ამ ინიციატივიდან, არც ჩვენ არ გამოვსულვართ ამ შეთანხმებიდან, ის კვლავ მოქმედებს ჩვენთვის. ერთადერთი პრობლემა ახლა საფრთხეა - კერძოდ, როცა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, აგრესორმა ქვეყანამ გარანტია მისცა, რომ არ დაესხმიან გემებს და საპორტო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ელჩმა და განმარტა, რომ „ახლა ასეთი გარანტია არ არსებობს.“


ბოდნარის თქმით, „როგორც ვარიანტი, მზღვეველებთან მუშაობის შესაძლებლობაც არსებობს, მაგრამ აქაც უსაფრთხოების რისკებზე პასუხისმგებლობის საკითხებს აწყდებიან.“

„ასევე არის დაზღვევის საკითხი, რომელიც ტრადიციულად, საზღვაო გადამზიდავებისთვის აქტუალურია. როცა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა,  დაზღვევის ღირებულებაც შესაბამისად შემცირდა, რამაც მოგვცა მარცვლეულის ექსპორტის მოგებით გატანის შესაძლებლობა.
ამის გაკეთება ახლაც შესაძლებელია, თუ იარსებობს პოლიტიკური ნება და უსაფრთხოების გარკვეული ზომები, რომლის გარანტიის უზრუნველყოფა შეგვიძლია, და შესაძლოა, ერთ-ერთმა ჩვენმა პარტნიორმაც გასცეს ასეთი გარანტია.

თუმცა ეს ცოტა საეჭვოა, რადგან მაშინ ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა რაკეტების ან სხვა იარაღის ჩამოგდებაზე, რომელიც რუსებმა შეიძლება გამოიყენონ, პორტებზე ან გემებზე შეტევისთვის,“ - განმარტა დიპლომატმა.


მისივე თქმით, თურქეთი დაინტერესებულია მარცვლეულის გარიგების გახანგრძლივებით, რადგან ის იყო და არის უკრაინული მარცვლეულის მთავარი მყიდველი.
 
„ჩვენ არ გაგვიფორმებია ეს შეთანხმება რუსულ მხარესთან. ამიტომ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები (მათ შორის თურქეთი - რედ.) მიიჩნევენ, რომ ის ძალაშია, ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ის უნდა გაგრძელდეს", - ხაზგასმით აღნიშნა ბოდნარმა.
 

აღსანიშნავია, რომ შესაძლო ალტერნატივებზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით გამოწვევები არსებობს.

ბლინკენმა განმარტა რომ უკრაინელები, აშშ და სხვები მოიძიებენ გზებს,  არის თუ არა „სხვა ვარიანტები“ მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანზიტისთვის შავი ზღვის გავლით, მაგალითად, როგორიცაა, სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტი, თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალტერნატივების პოვნის თვალსაზრისით გამოწვევები არსებობს. 

„გამოწვევა ასეთია: თუ რუსეთი დაასრულებს ამ ინიციატივას და აგზავნის მესიჯს, რომ მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები უკრაინას შეუფერხებლად ვერ დატოვებს, თუნდაც სხვა ვარიანტები იყოს, ვფიქრობ, რომ ეს დიდ შემაძრწუნებელ ეფექტს მოიტანს - სხვა ქვეყნები, კომპანიები, გადამზიდავები და ა.შ. ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ რა მოუვა მათ გემებს და მათ პერსონალს, თუ რუსეთი შეეწინააღმდეგება უკრაინიდან საკვები პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს,“ - განაცხადა ბლინკენმა CNN-ის ცნობით.


ზელენსკი 17 ივლისს აცხადებდა, რომ უკრაინა „მარცვლეულის შეთანხმებას“ რუსეთის გარეშე გააგრძელებს.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ.

„რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არიან, გააგრძელონ მარცვლეულის მიწოდება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


იმ ფონზე, რომ დასავლეთი რუსეთს საკვების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 18 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში რისკიანი იქნება.

პესკოვის განცხადებით, მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთის გარეშე თუ გაფორმდება რაიმე შეთანხმება, ქვეყნები, რომლებიც მზად იქნებიან მასში მონაწილეობის მისაღებად, მზად უნდა იყვნენ რისკების ასაღებადაც.

„უსაფრთხოების გარანტიების გარეშე იქ წარმოიშობა გარკვეული რისკები, ამიტომ რაიმე თუ გაფორმდება რუსეთის გარეშე, ეს რისკები გათვალისწინებული უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკების ასაღებად,“ – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, „რუსეთი ასრულებდა თავის ვალდებულებებს და გაახანგრძლივა ეს შეთანხმება რამდენჯერმე, მიუხედავად იმისა, რომ პირობები რუსეთთან მიმართებაში არ სრულდებოდა“.


მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის, უფასოდ ჩაანაცვლოს მარცვლეულის მიწოდება ღარიბი ქვეყნებისთვის. მოსკოვში ისევ ირწმუნებიან, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ღარიბმა ქვეყნებმა ყველაზე ნაკლები მიიღეს.

„რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიცია შენარჩუნებულია. აფრიკისთვის რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი ივლისის ბოლოს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტზე განიხილება. ჩვენ კონტაქტზე ვიმყოფებით ჩვენს აფრიკელ პარტნიორებთან, ეს კონტაქტები გაგრძელდება სანქტ-პეტერბურგის სამიტზე, ვემზადებით და ველით მათ“, – განაცხადა პესკოვმა.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ივლისის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით ორი შეთანხმება არსებობდა - უკრაინა, თურქეთი, გაერო და რუსეთი, თურქეთი, გაერო და ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი ანტონიუ გუტერიშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან დადებულ პირობას არღვევს.

ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.