სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ნარკოპოლიტიკის ძირითად ტენდენციებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მეტწილად, კვლავ სადამსჯელო ხასიათისაა.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად:
მიუხედავად იმისა, რომ 2021-2022 წლების ანტინარკოტიკულ სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საჭიროება, 2022 წელს ამ მიმართულებით არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა;
2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 41%-ით, რაც საანგარიშო პერიოდში დანაშაულის წლიური მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
2022 წელს გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჯამური მაჩვენებელი - 4802 შემთხვევა;
ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი ენიშნებოდათ. ყველაზე იშვიათად კი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
ოპიოიდებით ზედოზირების დროს გამოსაყენებელი პირველადი დამხმარე საშუალების, ნალოქსონის მარაგი სააფთიაქო ქსელებში მცირეა. შესაბამისად, კვლავ დღის წესრიგში დგას მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.
შენიშვნა: ეს ანგარიში შექმნილია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველსაყოფად“ და გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე, ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის მიერ გამოცხადებული ქვე-გრანტების პროგრამის, „მდგრადი სერვისები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის სამიზნე მოსახლეობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ ანგარიში არ გამოხატავდეს დონორთა შეხედულებებს.