აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ადვოკატები ჯორჯიის შტატში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.
„ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამკვიდრებისა და განვითარებისთვის საქართველოსთან მრავალი წელია ვპარტნიორობთ, რადგან ეს სასამართლო სისტემასთან მოქალაქეების ფუნდამენტურ კავშირს აყალიბებს. ამ ინსტიტუტის გამართულად მუშაობას მრავალი კომპონენტი უწყობს ხელს, მათ შორის - ადვოკატები.
გასულ კვირას ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით მოვამზადეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, რომლებიც მომავალში თავად შეძლებენ კოლეგების გადამზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში.
აღნიშნული კურსი ნაწილია აშშ-ის ფართო მხარდაჭერისა, რომელიც მიმართულია საქართველოში კანონის უზენაესობის გამტკიცებაზე,“ წერს ამერიკის საელჩო.