მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მერაბ გამყრელიძე შოვში, სტიქიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით 50 მოქალაქეზეა შეტყობინება ცხელ ხაზზე შესული, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.
„დაახლოებით 50-მდე ადამიანის შეტყობინებაა შემოსული, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან, მათ შორის, გვაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, ბავშვებიც არიან. შტაბი მოქმედებს 24 საათის რეჟიმში. 150-მდე მააშველი-მეხანძრე ამ წუთებშიც მუშაობს.“
მისივე ინფორმაციით, მუშაობას განაგრძობს გეოლოგების ჯგუფიც.
შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შესახებ აცხადებს, რომ ღონისძიებაში 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა.
მისივე თანახმად, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, ჩვენი ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი გადაურჩა სტიქიას და ისინი გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა - 598 913 089.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089,“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.