სტიქია შოვში - განახლებადი

შოვში მეწყარი სამ აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.

შსს-მ 3 ავისტოს, სტიქიის პირველ დღეს დაადასტურა, რომ მაშველებმა სტიქიის ზონაში, მიწის მასის დამუშავებისას ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.



3 აგვისტოს გავრცელებული ცნობებით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან.


4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 25 ადამიანს კვლავ ეძებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

4 აგვისტოს, შოვში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.


ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 4 აგვისტოს, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაო გრძელდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე განისაზღვრა დამატებით ამოცანები, რაც 5 აგვისტოდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს.


შოვში სტიქიის მესამე დღე: 5 აგვისტო -სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. შსს-ს განცხადებით, ადგილზე მუშაობს ავიაცია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამძებრო სამუშაოში აქტიურად ჩაერთო თავდაცვის ძალები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება.


7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.

გარემოს ეროვნულ სააგენტო შოვში, სტიქიის დროს დაფიქსირებული ხუთი პროცესის თანხვედრაზე მიუთითებს.

სტიქია რაჭაში: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს.

15:30 საათისთვის, შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში 5 აგვისტოს დილის შემდეგ, მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს. შედეგად, სულ დაღუპულია 14 ადამიანი.

ამავე დღეს შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.


საღამოს 6 საათისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი.

დღის ბოლოს სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

6 აგვისტო - შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.


დაკარგულთაგან 7 აგვისტოს არავინ უპოვიათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.


8 აგვისტოს იპოვეს ქალის ცხედარი და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.

8 აგვისტოს საღამოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, პოლიციამ თბილისში იპოვა.

თემურ მღებრიშვილმა მედიასთან ამავე კომენტარში აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში სამუშაო 9 აგვისტოდან კიდევ უფრო „მასშტაბური გახდება“, „ამ დრომდე აქტიური „საძიებო სამუშაო“ მიმდინარეობს.“

9 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის კიდევ 13 ადამიანს ეძებენ.


10 აგვისტო

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 3 აგვისტოს 112-ში ზარი 15:10 საათზე დაფიქსირდა. იტყობინებოდნენ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. თემურ მღებრიშვილის თქმით, გამოცხადდა მობილიზაცია, მათ შორის ვერტმფრენების როგორც თბილისში, ისე კოპიტნარის აეროპორტში.

მისივე თქმით, ვერტმფრენი სამ საათზე ნაკლებ დროში ჩაერთო ევაკუაციაში, თუმცა მღებრიშვილის განმარტებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოპიტნარიდან ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო.

რაც შეეხება თბილისიდან ჩასულ ვერტმფრენს, თემურ მღებრიშვილის თქმით, ვარტმფრენმა სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში იფრინა და უშუალოდ დამეწყრილი ტერიტორიიდან 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.“


ის აცხადებს, რომ სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაკარგულად 175 ადამიანი ითვლებოდა და ციფრები სისტემატურად იცვლებოდა. დაკარგულთა შორის იყვნენ უკრაინის ორი და რუსეთის ერთი მოქალაქე.

მღებრიშვილის თქმით, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით,


მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ დაკარგულთა რაოდენობა თუნდაც ტურისტების, უფრო მეტი იყოს, საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ გადაჭრით ვერაფერს გამორიცხავს და ვერც დაამტკიცებს, თუმცა აღნიშნა: „გონივრული ვადაა ერთი კვირა, რომ ადამიანმა თავისი ოჯახის წევრი მოიკითხოს.“


რატომ არ მოითხოვეს დახმარება უცხო ქვეყნებისგან

 „პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, დაახლოებით 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაშია აუცილებელი. არაფერი დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება, იყოს,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.


რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენებს და არა მათ, რომლებიც ღამით ვერ დაფრინავენ

„ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერტმფრენი რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო, ამის აუცილებლობა არ იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. მაგრამ, რატომ არ გავრისკეთ - მობილიზებული გვყავდა სითბური დრონები, რომლებიც აფიქსირებდა დატბორილ არეალს.

ურთულესი რელიეფია, პარალელურად იყო მაღალი ძაბვის სადენები, ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არცერთი შანსი, თუნდაც მცირედიც, რომელიც არ გამოგვეყენებინა, გამოვიყენეთ. სითბური დრონების საშუალებით აღმოვაჩინეთ ლოკაციები, სადაც ადამიანები იყვნენ გახიზნულები. იმის შემდეგ რაც დაფიქსირდა, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არ დაგვმატებია დაღუპული და დაშავებულიც არ გვყოლია არავინ,“ - უპასუხა მრებრიშვილმა ჟურნალისტებს 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. 


რა დრომდე შეიძლება, რომ გაგრძელდეს დაკარგულთა ძებნა

„ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომლებიც შეიძლება, კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცა პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაო გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ.“


10 აგვისტო.

სამძებრო სამუშაო გრძელდება. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა, როდესაც ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.


11 აგვისტო

შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

12 აგვისტო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაო ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა.


13 აგვისტო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე მედიასთან ისაუბრა. თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 11 აგვისტოს მდგომარეობით, ისევ 24-ია. მანვე აღნიშნა, რომ „სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია.“

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში ჩავიდა და განაცხადა, რომ „რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ.“


14 აგვისტო: შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი. ამასთან, ძიების შედეგად იპოვეს მანქანა, რომელიც ცარიელია. მინისტრის თქმით, მანქანის მეპატრონეები დაკარგულებად ითვლებიან და მიმდინარეობს მათი ძიება.

სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 25-მდე გაიზარდა.


15 აგვისტო: შსს-ს განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია.

შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.


16 აგვისტო

სტიქიის მე-14 დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად დაასრულეეს სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება.

17 აგვისტო

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.


18-19 აგვისტოს სტიქიის ზონაში დაკარგულთა ძებნა გრძელდება.

როგორც ცნობილია, ძებნის არეალი ამბროლაურამდეა გაფართოებული. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოს. 

სამძებრო სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. ამ დროისთვის 6 დაკარგულს ეძებენ. 27 გარდაცვლილიდან იდენტიფიცირებულია 25.

სტიქიის მე-18 დღე - შოვის სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, 20 აგვისტოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. 5 დაკარგულის ძებნა გრძელდება.


სტიქიის ზონაში მაშველებმა 22 აგვისტოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის სულ ნაპოვნია 29 ცხედარი. 4 დაკარგულს ეძებენ.


24 აგვისტო: შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ეძებენ კიდევ ორ ადამიანს.


28 აგვისტო: საძიებო სამუშაო გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 მცირეწლოვნის ძიება გრძელდება.

  • საძიებო სამუშაოს შეწყვეტის ან ლოკაციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სამაშველო სამსახური მიიღებს.

„აქტიურ რეჟიმში გრძელდება კვლავ სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც მოგეხსენებათ, ლოკაციებია როგორც უშუალო სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ა.შ. ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძიება მიმდინარეობს,“ - განაცხადა სერგი ხიდეშელმა მედიასთან.