სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც აგრძელებენ მუშაობას, ყველა ის ადამიანი, რომელიც სამაშველო სამსახურმა გუშინ იპოვა, არცერთი დაშავებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, სტიქიის ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა.
„სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც აგრძელებენ მუშაობას. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იპოვეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთი დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა. ჩვენი სამსახურები ადგილზე იყვნენ და ვითარება იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ,“განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ რიგი ტელევიზიები და ხელმოცარული პოლიტიკოსები „მთელი დღის განმავლობაში ამორალურ ქმედებას ეწევიან.“
„ასეთ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი მოქალაქეები გვყავს და ჯერ კიდევ ოჯახის წევრები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და თურმე არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, გთხოვთ, ასეთ დროს მაინც შეიკავონ თავი. ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემაა. 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებენ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფრვის.
ასეთი უბედური მდგომარეობა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და ათმაგად ძაბავენ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულონ, თურმე სამი ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი, რომ ჩვენმა სამაშველო სამსახურმა 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად გამოიყვანა,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობს.
მისი ინფორმაციით, 30-ზე მეტ ადამიანს კვლავაც ეძებენ.
შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა.