ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.

„ნაწილი ამოცნობილია, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა. დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან. სამედიცინო დახმარების კუთხით, ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა ტიპის ბრიგადა, სხვადასხვა კვალიფიკაციის. ალტერნატიული გზა გაჰყავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ გზით მოხდება ადგილამდე მისვლა“, - აღნიშნა მინისტრმა.

  • შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მეწყერი  იქ 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ.

მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.


თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შეხვდნენ იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებთან დაკავშირებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მღებრიშვილის განცხადებით, მათ გამოთქვეს სურვილი, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და აღნიშნა, რომ სურვილს დაუკმაყოფილებენ.

„ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თავად ნახონ, რა მძიმე სიტუაციაა. გამოთქვეს სურვილი და ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, – განუცხადა მედიას თემურ მღებრიშვილმა.


ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის მოვლენები არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პროცესებია.


„ვიმყოფებოდით სტიქიის ზონაში, ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა, ტიპური გლაციალური ღვარცოფი; საკმაოდ დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე. პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება როდის და რა დროს მოხდება ეს ფაქტობრივად გამორიცხულია და ამას ვერავინ იტყვის.

მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია, საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე მესტია ჭალას. სამწუხაროდ, სახეზე მივიღეთ ასეთი შედეგი. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სამძებრო აქტი.


ამ ეტაპზე ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება, განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართარა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა, იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები,“– განაცხადა ირაკლი მეგრელიძემ.