გეოლოგი: ვსწავლობთ უცხოელი კოლეგების მიერ მოწოდებულ სატელიტების მასალას, პირველადი დასკვნა ორ დღეში იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ დღეს გამთენიიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ჰიდროლოგები და გეოლოგები აქტიურად მუშაობენ სტიქიის ზონაში და წინასწარი დასკვნა ორ დღეში იქნება.

„შემოვიფრინეთ თითქმის ყველა ხეობა. ახლაც ვმუშაობთ, ექვსი ჯგუფია გასული. ხდება როგორც ვიზუალური, ასევე ინსტრუმენტალური დაკვირვებებიც. წინასწარი დასკვნა ორ დღეში იქნება. პირველადი დასკვნა იტყვის როგორც გამომწვევ მიზეზებს, ასევე მოსალოდნელ ვითარებას,“ – აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.


რაც შეეხება საშიშროებას, სპეციალისტის თქმით, ის დიდი ენერგეტიკული პოტენციალი რაც არსებობდა, განიმუხტა.

„შესაბამისად, დიდი ალბათობით, მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი აღარ არის. ასევე ვსწავლობთ სატელიტების მასალას, რომელიც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს. ვსწავლობთ მასალას სტიქიამდე მომენტში და მას შემდეგ. ამის დეშიფრირება უნდა მოხდეს. დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება. ყველა ეს მასალა შეიკრიბება და იქნება საფუძველი იმ დასკვნის, რომელიც ჩვენ მიერ მომზადდება,“ – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის 14 ადამიანია დაღუპული, თუმცა სამძებრო ოპერაცია კვლავ გრძელდება.