გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში, სტიქიის დროს დაფიქსირებული ხუთი პროცესის თანხვედრაზე მიუთითებს

გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტები, ონის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიურ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესების ადგილზე შეისწავლის მიზნით, სტიქიის ადგილზე რჩებიან. შესაბამის ინფორმაცია სააგენტოს Facebook გვერდზე გავრცელდა.

„გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა ტერიტორია რამდენჯერმე დაათვალიერეს, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგი. მდ. ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.

აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; მასშტაბურ ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი.“


რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნებს, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენი, რომელშიც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისათვის. 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა.

ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. ბრდღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული.


აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა.

განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი).


თავის მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის მოვლენები არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პროცესებია.

„ვიმყოფებოდით სტიქიის ზონაში, ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა-ტიპური გლაციალური ღვარცოფი; საკმაოდ დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე.

პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება როდის და რა დროს მოხდება ეს, ფაქტობრივად გამორიცხულია და ამას ვერავინ იტყვის. მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე მესტია ჭალას. სამწუხაროდ, სახეზე მივიღეთ ასეთი შედეგი. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო და სამძებრო აქტი.


ამ ეტაპზე, ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართ არა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები,“ - განაცხადა ირაკლი მეგრელიძემ.

ცნობისთვის, გაეროს განცხადებით, რაჭის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა.


შეგახსენებთ, 4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

5 აგვისტოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთო. ამავე დღეს, 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.