სამინისტრო: შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო ინტენსიურად გრძელდება.

სტიქიის მესამე დღეს, მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც უწყების განცხადებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას.

„გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში.

ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება.

3 აგვისტოს, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 15 ადამიანი. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.