მაიკლ კარპენტერი: „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანა სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განზრახვებს

საუდის არაბეთი უკრაინის შესახებ სამიტს მასპინძლობს. შეხვედრა ქალაქ ჯიდაში იმართება, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და 40-მდე ქვეყნის ლიდერების პოლიტიკური მრჩევლები ესწრებიან. მათ შორის, ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, მექსიკის, ჩილესა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებიც არიან. სამიტზე მიწვეული არ არის რუსეთი.

მოლაპარაკებები საუდის არაბეთში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. განიხილავენ უკრაინის 10-პუნქტიან სამშვიდობო ფორმულას.

კარპენტერის თქმით, მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს სხვა თვალით უყურებენ.

„ვფიქრობ, რაც დრო გადის, ქვეყნების მზარდი რაოდენობისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს არის იმპერიული დაპყრობითი ომი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დისკუსიაში რეგიონის გარეთ მყოფი სხვადასხვა ქვეყნის ჩართვა. და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც საუდის არაბეთის წარმომადგენლები აკეთებენ ამ შეხვედრის მასპინძლობით,“ - აღნიშნა კარპენტერმა.


კარპენტერის შეფასებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტი ქვეყანა იქნება „სკეპტიკურად განწყობილი რუსული დეზინფორმაციის მიმართ“. მაგალითად, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა მოიყვანა რუსეთ-აფრიკის ბოლო სამიტი, სადაც არცთუ ისე ბევრი აფრიკელი ლიდერი ჩავიდა, მაგრამ ისინი, ვინც ესწრებოდნენ, პირდაპირ აკრიტიკებდნენ რუსეთის ქმედებებს“.


„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის ცალმხრივი გასვლის შემდეგ, „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანა სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განზრახვებს“. ისინი ხედავენ, რომ რუსეთი იქ ძალიან ცინიკურ თამაშს თამაშობს, სურსათზე ფასების ზრდის შედეგად რეკორდულ მოგებას იღებს. ვგულისხმობ იმას, რომ ხორბლის ფასი 17%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისინი (რუსები - რედ.) გამოვიდნენ შეთანხმებიდან,“ განაცხადა მაიკლ კარპენტერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.