შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრ,ი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც, სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობს.
„სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაოში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი,“ აღნიშნულია ინფორმაციაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.