საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მომწოდებეულ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ წლის ბოლოს, დაახლოებით დეკემბერში, საქართველოს ერთი ახალი ვერტმფრენი მიეწოდება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით, დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება,“ – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან.
შეგახსენებთ, სტიქიის მეხუთე დღეს, შოვში დღეს საძიებო ოპერაციის ფარგლებში, დაკარგულები არ უპოვიათ.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 6 აგვისტოს შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.