პენტაგონის განცხადებით, ჯო ბაიდენმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების წვრთნებს მხარი დაუჭირა

პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა 8 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „მწვანე შუქი აუნთო“ და მხარი დაუჭირა უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე.

სინგის განმარტებით, სწავლებაში წამყვან როლს დანია და ნიდერლანდი ასრულებენ, დამატებითი ინფორმაცია პენტაგონის წარმომადგენელს არ გაუვრცელებია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ წვრთნები აგვისტოში დაიწყება. უფრო ადრე ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი საუბრობდა.


Politico 5 აგვისტოს წერდა, რომ რვა უკრაინელი მფრინავი F-16-ებზე წვრთნებისთვის მზადაა. აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს.

უკრაინა რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე საჰაერო თავდაცვას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. კიევი დიდი ხანია, F-16 ტიპის თვითმფინავების მიწოდებას ითხოვს.


ივლისში გამოცემა Politico წერდა, რომ 11 ქვეყნის კოალიცია, დანიისა და ნიდერლანდის მეთაურობით, მზადაა, უკრაინელი მფრინავების წვრთნა დაიწყოს, თუმცა ამისთვის საჭირო იყო ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ნებართვა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ სასწავლო კურსის თარიღები, ადგილმდებარეობა და ხანგრძლივობა, ჯერ კიდევ მუშავდება.