უზბეკეთმა 2022 წელს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გააორმაგა

უზბეკეთმა 2022 წელს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გააორმაგა. ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პრობლემების შესწავლის ცენტრის დირექტორმა, ბეკზოდ ხოლმატოვმა განაცხადა.


მისივე თქმით, შუა დერეფნის პროექტის აქტუალობა იზრდება თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.

შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ-სთან, ბრაზილიასთან ვაჭრობის კუთხით“, - განაცხადა ხოლმატოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პრობლემად რჩება შუა დერეფნის დაბალი გამტარუნარიანობა.

„შუა დერეფანი კვეთს რიგი ქვეყნების საზღვრებს და ეს ნაწილობრივ ზრდის საქონლის მიწოდების დროს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ღირებულებაზე. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია გარკვეული სახის საქონლის ტრანსპორტირების შეღავათიანი სისტემის გამოყენება,“ - განაცხადა ბეკზოდ ხოლმატოვმა.



ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და კომერციული მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების გავლით აკავშირებს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. ევროპაში ჩასვლამდე კი, მარშრუტი მოძრაობს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.
 
შეგახსენებთ, ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.