ISW: კრემლი ინტერნეტ გიგანტ Yandex-ის „კრიპტო-ნაციონალიზაციას“ ისახავს მიზნად

  • ISW: კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს რუსული ინტერნეტ გიგანტის Yandex-ის კრიპტო-ნაციონალიზაციას, რათა გააძლიეროს კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად.

რუსული ინტერნეტკომპანია Yandex, სავარაუდოდ, ცდილობდა ბალანსის დაცვას კრემლსა და მის უცხოურ მმართველ ორგანოებს შორის, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, კრემლთან ბრძოლას აგებს, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო განახლებაში.


„როგორც ჩანს, კრემლი აიძულებს Yandex-ს, დისტანცირება მოახდინოს საერთაშორისო შვილობილი კომპანიებისგან, მათ შორის Yango Israel-ისგან, რათა დაემორჩილოს მკაცრ რუსულ კანონებს მონაცემთა გამჟღავნების შესახებ - მოითხოვს რა Yandex-სგან, მიაწოდოს მომხმარებლის მონაცემები რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB).

ზოგიერთი რუსული წყარო ვარაუდობს, რომ Yandex-ის კორპორატიული განვითარების მრჩეველმა, ალექსეი კუდრინმა მცდელობის მიუხედავად ვერ გადააქცია Yandex-ი ეროვნულ კერძო კომპანიად, რომელსაც პუტინის პირადი ბანკირი, იური კოვალჩუკი აკონტროლებდა,“ - წერს ISW.


10 აგვისტოს Yandex-ის დამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა საჯაროდ პირველად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. 

ინფორმაციისთვის, ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი 2022 წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.


ვოლოჟმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო დატოვა. Yandex-ის განცხადებით, მაშინ ვოლოჟმა თავისი ხმის უფლება საბჭოს გადასცა და განაცხადა, რომ მისი რწმენით, ახალი მოვლენები კომპანიის ოპერაციებზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე ან პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.