გუბერნატორი: ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაო ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა.

„24 ადამიანია ამოყვანილი, ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამის გარდა გაიზარდა სამძებრო სამუშაოების არეალი. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ.

ვინაიდან, გვიან ღამით ცუდი ხილვადობა იყო, სამუშაო შეჩერდა დილამდე. დილით კი, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით და დრონებით დაათვალიერეს ხეობა და მნიშვნელოვან ქვათაცვენას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სამძებრო სამუშაო დილიდან განახლდა,“ - განაცხადა მარგველიძემ.


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 24 მოქალაქე. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.