გარემოს ეროვნული სააგენტოს განაცხადებით, ბუბისწყლის კალაპოტში სტიქიის თანმდევი პროცესები მიმდინარეობს, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, ამ ეტაპზე ეს პროცესები საფრთხის შემცველი არ არის.
„მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის,“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 24 მოქალაქე. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.