გერმანული Rheinmetall-ი (RHMG.DE) წლის ბოლომდე უკრაინას Luna NG-ის ტიპის ახალი თაობის დრონების სისტემას მიაწვდის. იტყობინება გერმანული მედია კომპანიის წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, NG-ი Luna-ს ახალი თაობის დრონებს წარმოადგენს. სხვა მოდელის დრონები კი, უკრაინას უკვე გადაცემული აქვს.
Luna NG -ი უახლესი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც წინა მოდელებს ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით უსწრებს წინ.
დრონის ფრენის ხანგრძლივობა 12 საათზე მეტია, მონაცემთა გადაცემის დიაპაზონი კი, 100 კმ-ს აჭარბებს.
უფრო ადრე გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორ გამშვებს, უპილოტო საფრენი აპარატებს, მანქანებს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სამხედრო დახმარების განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა.
ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე თავისი სარაკეტო და უპილოტო დარტყმები გააძლიერა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დასავლეთს საჰაერო თავდაცვის უფრო მეტად გაძლიერების მოწოდებით მიმართეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას 10-დან 12-მდე Patriot-ის სისტემა სჭირდება, რომ ქვეყანა მთლიანად დაიცვას.