თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე მედიასთან ისაუბრა. თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 11 აგვისტოს მდგომარეობით, ისევ 24-ია.

„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. 


მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა.

ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.