ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ პოლონეთში რეფერენდუმი ჩატარდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ევროკავშირის მიგრაციის რეფორმების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს ჰკითხავენ, მზად არიან თუ არა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ათასობით არალეგალი მიგრანტი მიიღონ.

მორავეცკის ინფორმაციით, რეფერენდუმის შეკითხვა ასეთი იქნება: „მხარს უჭერთ თუ არა ათასობით არალეგალი იმიგრანტის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაწესებული იძულებითი გადაადგილების მექანიზმის ფარგლებში?"


საერთაშორისო მედია წერს, რომ მორავიეცკის მთავრობა დიდი ხანია, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეგმას მის წევრებს შორის მიგრანტების თანაბრად განაწილების შესახებ. ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ივნისში საბოლოოდ შეთანხმდნენ ბლოკის მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით, უნგრეთი და პოლონეთი, მისი წინააღმდეგი იყო.

DW წერს, რომ პოლონეთის მმართველი პარტია - კანონი და სამართლიანობა (PiS) ოქტომბერში საპარლამენტო კენჭისყრამდე, მიგრაციის საკითხს თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარ ნაწილად აქცევს.


ცნობისთვის, ევროკავშირმა 2012 წელს მიგრაციულ კრიზისში ბელორუსის ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბელორუსის სამართალდამცავმა უწყებებმა არამხოლოდ ვერ შეაჩერეს არალეგალი მიგრანტები, არამედ განზრახ შეუწყვეს მას ხელი. მიგრანტთა კრიზისის გამო, ლიეტუვამ და ლატვიამ ბელორუსის მოსაზღვრე ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვამ და პოლონეთმა საზღვარზე ღობეებიც ააშენეს.


2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა