შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაო, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით.
„ინტენსიურად გრძელდება მდინარეზე საძიებო სამუშაო ამბროლაურის ტერიტორიამდე. ხვალისთვის (15 აგვისტო) ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას. დღეის მონაცემებით, 25 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და 8 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.
იდენტიფიცირების პროცედურები მიმდინარეობს 5 ადამიანზე. როგორც მოგახსენეთ, 25-26% იყო დარჩენილი მიწის მასის გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 14 ავისტოს 25-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.