საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული, სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება იკაო-ს სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე, საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით.
„კიდევ ერთხელ გვინდა, განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა, სრულად შეესაბამება იკაო-ს სტანდარტებს. საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული ტვირთების გატარების მხრივ. აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლიან ნორმებთან, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იკაო-ს რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით.
კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენისა და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას, დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის იკაო-ს წინაშე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ცნობისთვის: ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს გავლით შეიარაღებას იღებდა და პირიქით, სომხეთი იღებდა შეიარაღებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველო აღნიშნულ კონფლიქტთან მიმართებაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და მხარეებს მოლაპარაკებებისთვის თბილისში შეხვედრას სთავაზობს.