WSJ: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით მარშრუტების განვითარებაზე, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ თურქეთთან, უკრაინასთან და მის რამდენიმე მეზობელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით ალტერნატიული გზები გააფართოოს.

The Wall Street journal-ის ცნობით, შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებს უკრაინის შესაძლებლობების გაზრდას მდინარე დუნაის გავლით თვეში ოთხი მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტისთვის.


ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სორინ გრინდეანუმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდას ყოველთვიურად, 2 მილიონი ტონიდან 4 მილიონამდე გეგმავს. მინისტრის განცხადება ქალაქ გალაცში, აშშ-ის, ევროკავშირის, მოლდოვის, რუმინეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მხარეებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გზები განიხილეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ ცალმხრივად შეწყვიტა.


დუნაის გასწვრივ უკრაინის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის მცდელობების პარალელურად, თურქეთი და გაერო ცდილობენ, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებაში“ დააბრუნონ. გამოცემის თანამოსაუბრეებმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადეს, რომ დუნაის სანაპიროზე განლაგებულ უკრაინულ პორტებში მიმავალი გემების დასაცავად, შეერთებული შტატები ყველა შესაძლებლობას, მათ შორის, სამხედრო ვარიანტსაც განიხილავს.


მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი Europetime-თან აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.


შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ: