კობახიძე: რეალურად, დავით ჯელაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ დისშვილი უსაფრთხო ტერიტორიაზე გაეყვანა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს შეხვდა.


„მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბრი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, დათო არის გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რაც მას გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა, რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დისშვილი გაეყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს მას გამოვლი თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული..." განუცხადა კობახიძემ მედიას.


მას მის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენეს, რომლის თანახმადაც, „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს; საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი; გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა, ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.“

„იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც მე პირველად ვნახე. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელებში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო დადებული. ზუსტად რა იყო ასახული, აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო ატვირთული. მან პირადად მომიყვა ისტორია, თუ რა გადახდა. სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ჯელაძეს „გული ვატკინე“ (რაც მან თქვა). ეს არის ძალიან დასანანი..." - განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას.


„მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით,“ - აცხადებდა კობახიძე 14 აგვისტოს, რასაც სტიქიას გადარჩენილის მწვავე რეაქცია მოჰყვა.


„ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედით ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, ან გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა - „ეს როგორ შეძელი“. დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა. თურმე ყველაფერი, რაც მოვყევი, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ.

ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე როგორ შეძლო გადასვლა ბავშვით, წარმოუდგენელიაო - მართლა წარმოუდგენელია, როგორ გავაკეთეთ ეს მე და მაშომ. იმ ადგილზე გაჩერება შეუძლებელი იყო ისეთი ლაფი იყო. მიწის სუსტი მასა იყო. იქ რომ გაჩერებულიყო, წამიერად ჩაიძირებოდი და დაიხრჩობოდი. ვფიქრობდი, რომ მეორე მხარე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი არ მოგვეწეოდა, არ გადაგვივლიდა ზემოდან. ვჩქარობდი, არ ვიცი როგორ გავაკეთე. რომ ვიხსენებ, რა ისტორია გადაგვხდა თავს და ამ დროს, ირაკლი კობახიძე გამოდის სიტყვით და ამბობს, ტყუილს იძახიო, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, “- განაცხადა ჯელაძემ.

მისივე თქმით, სტიქიას გადარჩენილებს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

უფრო ვრცლად - შოვის სტიქიას გადარჩენილი 3 აგვისტოზე