უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი პირველმა სამოქალაქო გემმა გაიარა.
„უკრაინამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისკენ. პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება,” - წერდა ზელენსკი 16 აგვისტოს გვიან საღამოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შეატყობინა დერეფნის მუშაობის შესახებ, მათ კი, თავის მხრივ, ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის უკრაინის უფლება დაადასტურეს და რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს მუქარები და დაიცვას საერთაშორისო კონვენციები.
„უსაფრთხო ზღვა ყველასთვის. ეს არის უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების პრინციპული პოზიცია. ნავიგაციის თავისუფლება და უსაფრთხოება საბაზისო საერთაშორისო პრინციპებია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.