ოდესის პორტი პირველმა გემმა დატოვა მას შემდეგ, რაც უკრაინამ დროებითი დერეფნის ამოქმედების შესახებ განაცხადა.
სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა.
„JOSEPH SCHULTE-ის საკონტეინერო გემმა (ჰონკონგის დროშა) ოდესის პორტი დატოვა და დროებითი დერეფნის გასწვრივ მოძრაობს, რომელიც სამოქალაქო გემებისთვის შეიქმნა,“ ნათქვამია უკრაინის თემების, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ტელეგრამ არხზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დერეფანი ძირითადად გამოყენებული იქნება გემების ევაკუაციისთვის, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის დროს უკრაინის პორტებში ჩორნომორსკში, ოდესასა და პივდენში იყვნენ.
სამინისტრომ განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტის (No6) ბრძანების თანახმად, უკრაინის შავი ზღვის საზღვაო პორტებში სამოქალაქო გემების გადაადგილების დროებითი მარშრუტები 2023 წლის 8 აგვისტოდან ამოქმედდა.
უკრაინამ ეს მარშრუტი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასაც (IMO) წარუდგინა. IMO-ს საბჭო აღიარებს უკრაინის საერთაშორისო უფლებას და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო კონვენციები. ბოლოს გემმა ოდესის პორტი მარცვლეულის გარიგების ფარგლებში, 16 ივლისს დატოვა.
მარცვლეულის გარიგებიდან გასვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა.
შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.
შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ასევე წაიკითხეთ: