აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა

აშშ-მა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც აღნიშნულია, რომ აშშ ეთანხმება მათ თხოვნას უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით.

„გამოვხატავ შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემასთან და უკრაინელი მფრინავების კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ მომზადებასთან დაკავშირებით," - აღნიშნულია ბლინკენის წერილში, რომლის შინაარსს Reuters-ი გაეცნო.


11 ქვეყნისგან შემდგარ კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში, დანიაში დაიწყოს.

უკრაინა აქტიურად ცდილობს პარტნიორებისგან ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას, რომ რუსეთის საჰაერო უპირატესობას დაუპირისპირდეს.


Washington Post-ის ცნობით, პირველი ექვსი უკრაინელი მფრინავის მომზადება 2024 წლის ზაფხულამდე არ დასრულდება.

უკრაინელ სამხედროებს ჯერ ინგლისური ენის გაკვეთილები უწევთ დიდ ბრიტანეთში, რათა ისწავლონ თვითმფრინავების ფრენისთვის საჭირო ტერმინოლოგია, ხოლო თავად საბრძოლო მომზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის იანვრისთვის დაიწყება.