აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელსაც მისია მალე ეწურება, აცხადებს, რომ საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას.
„მრავალი წელია, საქართველო ჩინეთთან საქმიანობას აწარმოებს და ახალი არაფერია ეკონომიკურ ურთიერთობებში.
ვფიქრობ, საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას. ეკონომიკურ სფეროშიც კი მნიშვნელოვანია გამჭვირვალება და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელსაც იღებ, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში და არამხოლოდ ჩინეთის საუკეთესო ინტერესებში.
ვთვლი, რომ ერთობლივი განცხადება, რომელსაც მოეწერა ხელი, საკმაოდ დატვირთულია პოლიტიკური ვალდებულებებით, რომლებიც საქართველომ აიღო. როგორც შევნიშნე, საქართველომ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
- არ დამინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპასუხო დაპირება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს კი ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული - ქვეყანას, რომელთანაც ჩინეთი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს.
ასე რომ, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს აქვს ჩინეთთან გარკვეული ხანია, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ჩინეთის მიერ მსოფლიოს უფრო ავტორიტარიზმისკენ რეფორმირების მცდელობას, წინააღმდეგობაშია წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან, რომლის ნაწილიც არის საქართველო და რომლითაც ის ისევე სარგებლობს, როგორც ჩვენ ყველანი.
ამან მოიტანა მეტი კეთილდღეობა, მოიტანა სტაბილურობა და მშვიდობა მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, სიღარიბიდან ამოიყვანა მილიარდობით ადამიანი და უზრუნველჰყო დამოუკიდებლობა და ძირითადი თავისუფლებები, რომლებიც, ვიცი, სიახლე არ არის საქართველოსთვის, არამედ მისი გენეტიკური კოდის ნაწილია. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ევროპული ორიენტაცია.
ღირებულებები, რომლებიც ქართველებს საუკუნეებია აქვთ, იგივე ღირებულებებია, რომლებსაც ჩვენ და ევროპელები ვიზიარებთ. სწორედ ეს გვაქცევს ასეთ ახლო პარტნიორებად და მეგობრებად, ბუნებრივ მეგობრებად და პარტნიორებად. ვინაიდან, ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს. მეეჭვება, ამ ღირებულებებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იზიარებდეს საქართველოსთან,“- განაცხადა კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.