CIA-ს ყოფილი დირექტორი: რუსეთი ახლა სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ხელში ჩაგდებას ეცდება

აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და CIA-ს ყოფილმა დირექტორმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, რუსეთი შეეცდება, ხელში ჩაიგდოს „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფი მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, „დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა.“

„ვფიქრობ, ისინი ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ ეს ბიჭები ძირითადად დამოუკიდებლად გააგრძელებ ოპერირებას. ასე რომ, არ გამიკვირდება, თუ ისინი დაიწყებენ ვაგნერის გაკონტოლებას აფრიკაში, აზიაში და სადაც არ უნდა იყოს ის განთავსებული. ვფიქრობ, რომ „ვაგნერის“ ჯგუფში მყოფმა პირებმა უნდა იზრუნონ საკუთარ ცხოვრებაზეც,“ - განუცხადა პენატამ CNN-ს.



შეგახსენებთ, რუსეთის ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა.


პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.